ინტერვიუ ჯო ზავინულთან
ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. წინა დღეს ევროპის ტურნე ბარტოვში დავასრულეთ, სადაც მაილზ დევისის /Miles Davis/ ბენდიც უკრავდა. მეორე დღეს მაილზი რომში მიფრინავდა მე კი შტატებში.კონცერტის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით; ძირითადად ბოქსზე ვსაუბრობდით. მაილზი და მე საერთოდ იშვიათად ვლაპარაკობდით ხოლმე მუსიკაზე. გამთენიისას მე და მაილზი ჩვენ-ჩვენი მუსიკოსებით უკვე აეროპორტში ვიყავით, მაგრამ უამინდობის გამო ყველა გაფრენა გადაიდო და დიდხანს ლოდინი დაგვჭირდა. ჩასხდომის მოლოდინში ჩვენ ისევ ბოქსზე ვსაუბრობდით. უეცრად მაილზმა მითხრა: “ჯო, გავიგე, რომ კარგი ფულის კეთება დაგიწყია შენი მუსიკის მეშვეობით.” “ჰო, - ვუპასუხე მე. – და მე ამას ვიმსახურებ...” მერე კი ჩასხდომა გამოცხადდა და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მე და ჩემი ბენდი უკვე ბილეთების რეგისტრაციას გავდიოდით, როდესაც დავინახე თუ როგორ გამოეყო მაილზი ჩვენგან ოდნავ მოშორებით, რომში გასაფრენ მგზავრთა რიგს და ჩემკენ გამოემართა. ის მომიახლოვდა, შემომხედა და მითხრა: “ჰო, შენ ამას იმსახურებ, ჯო.” შემდეგ კი შეტრიალდა და წავიდა. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა და ჩემთვის ნათქვამი მისი ბოლო სიტყვები იყო. რამოდენიმე კვირაში მაილზი გარდაიცვალა.
ჯო ზავინული
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა რომელსაც თქვენ დღეს აკეთებთ საკმაოდ რთულია ის სრულიად არაა მძიმე მოსასმენი. პირიქით, ის თავისუფლად სუნთქავს მრავალფეროვანი მელოდიური და რიტმული სვლებით დატვირთულ სივრცეში და სინათლით და სილაღითაა სავსე. რამდენადაა ჯო ზავინულის, როგორც ადამიანის, ხასიათი ასახული მუსიკოსი ჯო ზავინულის მუსიკაში?
მე ყოველთვის სავსე ცხოვრებით ვცხოვრობდი; იმ დროსაც კი, როდესაც ეს თითქმის შეუძლებელი იყო; ომის პერიოდს ვგულისხმობ. მე ჰიტლერის ვენაში ვიზრდებოდი და იმ პერიოდში, ისევე, როგორც სტალინის რუსეთში, ჯაზი აკრძალული იყო... პირველად სიტყვა „ჯაზი“ ომის დამთავრებამდე ოთხი თვით ადრე გავიგე. მე რთული ადამიანი არა ვარ; მიყვარს გართობა, დროსტარება, მხიარულება და სწორედ ამიტომაც ვარ მუსიკოსი. მე უკვე ბავშვობაში ვიყავი მუსიკოსი; ეს ნიჭი ჩემში თავიდანვე იყო ჩადებული. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე; ჩვენ ძალიან ღარიბები ვიყავით, მაგრამ დროს მაინც მხიარულად ვატარებდით ხოლმე. ჩემი პირველი ინსტრუმენტი აკორდეონი იყო, რომელზეც დაკვრა სულ რაღაც წამებში ვისწავლე. უბრალოდ ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი თუ რა უნდა მექნა. სწორედ ამის ახნა მინდოდა დღეს პრეს-კონფერენციაზე, როდესაც ვამბობდი რომ ამით კი არ უნდა ამაყობდე, არამედ მადლიერი უნდა იყო. ტალანტი თუ გაქვს ეს ფაქტია, მაგრამ სასაცილოა, როდესაც გამუდმებით ამაზე ლაპარაკობ. მე ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ამ ნიჭის გამოყენება მშობლების საშუალებით შევძელი; დიდებული ადამიანები იყვნენ! საჭმელ–სასმელი არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვმღეროდით და ვცეკვავდით. ყველაფერი ეს ძალდაუტანებლად, სპონტანურად ხდებოდა ჩვენ სახლში და ეს სილაღეც ალბათ იმ დროიდან მომყვება. ასე, რომ დიახ, მე მგონია, რომ ჩემს მუსიკაში ჩემი ხასიათის დიდი ნაწილია ასახული. თუმცა, ყველაფერ ამასთან ერთად საშინელი ჯიუტი ვარ... ვერასოდეს ვიტანდი ნაძალადევ მხიარულებას და ამიტომაც, როდესაც დაკვრა არ მინდოდა და მაძალებდნენ, ქვეყანა რომ დაქცეულიყო მაინც არ დავუკრავდი. ეს დღესაც ასეა. ვუკრავ, როდესაც მსიამოვნებს და არასოდეს ფული გამო, თუმცა სარჩოს მუსიკის მეშვეობით ვშოულობ. მენდეთ, დიდი ფული შემოუთავაზებიათ ჩემთვის ცხოვრებაში, მაგრამ არასოდეს დამიკრავს როცა მე არ მომდომებია. რამოდენიმე წლის წინ იაპონიიდან დამირეკეს და 64 000 დოლარი შემომთავაზეს ხუთ დღეში, ფრედი ჰაბარდთან / Freddie Hubbard /,რონ ქართერთან
/ Ron Carter / და სხვა ძალიან ცნობილ ამერიკელ ჯაზმენებთან ერთად რომ დამეკრა. მე ამ მუსიკოსებს პატივს ვცემ, მაგრამ იმდენი წლის განმავლობაში ვუკრავდი იმ მუსიკას, რაც მათთან ერთად უნდა დამეკრა, რომ ამის ატანა ჩემთვის უკვე შეუძლებელი იყო. ის რაც მორჩა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს! 200 000 დოლარიც რომ შემოეძლიათ მაინც არ დავუკრავდი. ოდნავ “გაღუნული” პასუხი გამომივიდა არა?
მე მგონი საკმაოდ გასაგები... იცით, თქვენი მუსიკის ერთ-ერთი თვისება, ისევე ალბათ როგორც ყველა საინტერესო მუსიკის, ისაა, რომ რამდენიც არ უნდა უსმინო მას ის ამოწურავად მდიდარი რჩება; ყოველი შემდგომი მოსმენისას ახალ-ახალ პატარა, შეუმჩნეველ დეტალებს პოულობ, სადღაც სიღრმეში მიმალულ ფრაზებს თუ მოულოდნელ სვლებს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყურადღებით თუ მოუსმენ, ხვდები, რომ მათი მეშვეობით კომპოზიცია სულ სხვა განზომილებას იძენს...
დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის. ეს სწორედ ისაა, რის მიღწევასაც მე ვცდილობ; გავაღვიძო ჩემს მსმენელში იმის სურვილი, რომ ის უფრო ღრმად “ჩაეშვას” მუსიკაში ამ ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალების მეშვეობით... შენ უსმენ იმას, რასაც უსმენ და მთლიანობაში აღიქვამ მას, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩახვალ მუსიკა სხვანაირად იხსნება შენთვის... მაპატიეთ, რომ გაგაწყვეტინეთ; რას მეკითხებოდით?
...რატომ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ სწრაფი მოხმარების კულტურაში გაზრდილი ადამიანები მოინდომებენ თქვენთან ერთად “მოგზაურობას” თქვენივე მუსიკის სიღრმეებში?
იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში მსმენელებს ჩემს მუსიკაზე ერთნაირი რეაქცია აქვთ. სადაც არ უნდა წავიდეთ, იქნება ეს დაკარი თუ სენეგალი, სამხრეთ აფრიკა თუ ავსტრალია ხალხი ჩვენს კონცერტებს აწყდება და იცით რატომ? იმიტომ, რომ მუსიკა საოცრად მოსაწყენი გახდა; შემაშფოთებლად მოსაწყენი!ამაზე პასუხისმგებლები კი ძირითადად ხმის ჩამწერი კომპანიები არიან, თუმცა ეს უკვე ცალკე თემაა... იცით, მე ჩემს თავს არტისტსაც კი არ ვუწოდებ. უბრალოდ, კონცერტების დროს მე ვცდილობ შევქმნა ველი, სადაც ადამიანებს ერთად შეყრის, გართობის და ამავე დროს რაღაც მნიშვნელოვანის მიღების სურვილი გაუჩნდებათ. მე მინდა რომ კონცერტის შემდეგ მათ თქვან: “ეს მართლაც რომ განსხვავებული გამოცდილება იყო!” ადამიანებს კარგი მუსიკის მოსმენა უნდათ და მე მინდა მათ შევთავაზო ის, რასაც ვხედავ და მესმის და არა ის, რაც ვიცი.
თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ მთხრობელი მუსიკოსი ხართ; რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია თხრობა ენაზე, რომლის დეფინიციაც შეუძლებელია. თუ თქვენ მთხოვთ მოგიყვეთ რაიმე ისტორია ქართულად მე ამას ვერ მოვახერხებ; სამაგიეროდ მე ადვილად მოვახერხებ ამას ჩემს მშობლიურ ენაზე, მაგრამ უკეთესად და უფრო საინტერესოდ მე ნებისმიერ ამბავს მუსიკის ენაზე მოგიყვებით. ყველაზე კარგი კი ამაში ისაა, რომ როგორც ჩანს ეს ენა მთელს მსოფლიოში ესმით... ჩემთვის ეს მართლაც რომ გასაოცარია იმიტომ, რომ სადაც არ ჩავდივართ, და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე განსხვავებულ მუსიკას ვუკრავთ, ხალხი ჩვენს მოსასმენად სიამოვნებით მოდის.
Weather Report-იც ზუსტად ასეთი ბენდი იყო...
Weather Reprot-ის ხსენება დღეს ნამდვილად არ მინდოდ ვინაიდან ვიცოდი, რომ ეს თემა მობეზრებული გაქვთ, მაგრამ რახან თქვენ თვითონვე ახსენეთ ის გეტყვით იმას, რაც შეიძლება თქვენ არ იცოდეთ; ჩემი და ალბათ შემდგომი თაობებისათვის Weather Report -ი ძალიან მნიშვნელოვანი იყო; ეს ბენდი ახალი მუსიკალური ღირებულებების აღმოჩენაში ძალიან დაგვეხმარა. Weathr Report -ის შემდეგ მუსიკას უკვე სხვანაირად ვუსმენდით...
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველგან, სადაც ჩავდივარ ამას მეუბნებიან ეს ჩემთვის დღესაც განსაცვიფრებელია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მუსიკისათვის არანაირი საზღვრები არ არსებობს. წარმოიდგინეთ, რომ იგივე მითხრეს დასავლეთ აფრიკელმა მუსიკოსებმა და მსმენელებმაც. ისინიც მეუბნებოდნენ, რომ
Weather Report-ზე გაიზარდნენ; იმ დროს მათ ხელი არ მიუწვდებოდათ დისკებზე, პირატულ კასეტებზე უსმენდნენ ჩვენ მუსიკას და ვინაიდან მხოლოდ ჩემი გვარი იცოდნენ, რატომღაც ეგონათ, რომ მუსიკას, რომელსაც ისინი უსმენდნენ აფრიკელი მუსიკოსები ასრულებდნენ. კარგი მუსიკა კარგი მსმენელის გარეშე არ არსებობს; ასე არაა? უეინი შორთერი
/ Wayne Shorter / და მე ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე... იცით, იმ დროს ჩვენ კარგად გაცნობიერებული არ გვქონდა თუ რას ვაკეთებდით. უფრო სწორედ, ჩვენ ვაკეთებდით იმას, რასაც ვაკეთებდით და არ ვფიქრობდით ფულზე, წარმატებაზე ან მუსიკაში რევოლუციის მოხდენაზე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით გულიდან მოდიოდა და ეს იმიტომ, რომ მეც და უეინსაც ყელში გვქონდა ამოსული ბი-ბოფი და ის მუსიკა რასც ჩვენ მანამდე ვუკრავდით.
შორთერის ხსენებაზე მისი ერთი ნათქვამი გამახსენდა: “ჯაზში მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ერთად აკეთო, - დაიცვა წესები და ამავე დროს, როცა საჭიროა დაარღვიო კიდეც ეს წესები.” რას ნიშნავს თქვენთვის წესების ეს ერთდროული დაცვა და არ დაცვა?
პირადად ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ არ დავუკრა ის და ისე, რასაც და როგორაც სხვები უკრავენ. ამავე დროს ეს ნიშნავს სრულ დაცლას იმისაგან რაც გისწავლია და უკვე იცი. სხვანაირად რომ ვთქვათ, გარკვეულ ეტაპზე შენ შეიძლება აივსო იმ ცოდნით, რომელიც სხვა მუსიკოსების მიბაძვის შედეგად შეიძინე და გახდი ვირტუოზი; დღეს უამრავი ახალგაზრდა ვირტუოზი უკრავს ჯაზს, მაგრამ თითქმის ყოველთვის ვირტუოზობა ავიწროებს რაღაც უფრო მნიშვნელოვანს შენში. როდესაც ვირტუოზს უსმენ ორი ან სამი კომპოზიციის შემდეგ გიჩნდება სურვილი, რომ დარბაზი დატოვო და ეს იმიტომ, რომ ხვდები, რომ მუსიკოსის ვირტუოზობის მეტს ვერაფერს ნახავ და კონცერტის დასრულების შემდეგ თან არაფერი გაგყვება. მე კი მინდა, რომ პირველი, რასაც ჩემი კონცერტიდან გამოსული მსმენელი იტყვის იყოს: “დღეს საღამოს ფული მართლაც რომ საინტერესოდ დამეხარჯა!” მთელს მსოფლიოში ადამიანები წელზე ფეხს იდგამენ საარსებო ფული რომ იშოვნონ და ეს ჯაფით ნაშოვნი ფული სისულელეში არ უნდა დაახარჯინო. არადა დღეს, უმეტესწილად მუსიკა ან ძალიან მოსაწყენია ან მოძველებული ან კიდევ ღმერთმა უწყის როგორი! გესმით ჩემი?! მე რომ მუსიკოსებს ვაგროვებ ბენდისათვის წინასწარვე ვიცი, რომ ეს ბენდი საუკეთესო იქნება მსოფლიოში. მე მსმენელს ვპირდები, რომ ჩემს ამჟამინდელ ბენდში ის ისეთ ბასისტს მოისმენს, რომლის მსგავსიც ალბათ არასოდეს მოუსმენია; რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ მუსიკოსებზე და რა თქმა უნდა ჩვენ მომღერალზე საბინ კაბონგოზე / Sabine Kabongo / , რომელიც მე რომ შემეკითხოთ საერთოდ “სხვა ლიგაში თამაშობს.” ჩვენი მუსიკა ადამიანებს ისე უყრის თავს, როგორც ტაძარში. ცოტა ხნის წინ ამსტერდამში დავუკარით; დარბაზი გადაჭედილი იყო და როდესაც კონცერტი დამთავრდა ხალხი არ დაიშლილა მაშინაც კი, როდესაც სცენიდან ინსტრუმენტების და აპარატურის ალაგება დაიწყეს. მათ უბრალოდ უნდოდათ კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ იქ, სადაც ჩვენმა მუსიკამ გაიჟღერა. ჩვენთვის კი, მუსიკოსებისათვის, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ რაღაც განსაკუთრებული მავახდინეთ. აი ამ მომენტებისათვის ვცხოვრობთ ჩვენ, როდესაც ჩვენი მსმენელები როდესაც შეიტყობენ რომ მათ ქალაქში ჩავდივართ აუცილებლად იტყვიან: “ჰეი, ზავინული ჩამოდის და აუცილებლად უნდა წავიდეთ მის მოსასმენად!”
ესე იგი ამას გულისხმობდით, როდესაც ერთხელ თქვით, რომ თქვენი მთავარი მიზანია დაუბრუნოდ ადამიანებს მუსიკა?
დიახ. და ეს იმიტომ, რომ მუსიკა ადამიანებისაგან მოდის; ჯერ ადამიანია და მერე მუსიკა... შენი ადამიანურობა ბოლომდე აისახება იმაზე რასაც უკრავ და რასაც უსმენ როგორც მსმენელი. ზოგი მსმენელი ბევრის გაგებას მუსიკაში ვერ ახერხებს და საეჭვო პროდუქციის სმენით შემოიფარგლება; ეს ნორმალურია და მე მათი განმსჯელი არა ვარ, მაგრამ როდესაც ადამიანი გემოვნების თვალსაზრისით რამოდენიმე საფეხურით მაღლა დგას ის უკვე იწყებს იმის სმენას და გაგებას რაც ზედაპირზე არ დევს და ეს ზრდის მაჩვენებელია... და იცით კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? სხეული, რიტმს აყოლილი სხეული... რიტმის თვალსაზრისით ჩემი ბენდი დამანგრეველია! ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში; ამ თვალსაზრისით ის თვით
Weather Report-ზეც მაღლა დგას. ეს პულსი და ამ პულსის გიჟური ბრუნვა განსაცვიფრებელია!
თქვენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან მუშაობთ. მე ვვარაუდობ რომ ყოველი ახალი პროექტის დაწყების წინ თქვენ გარკვეული თვალსაზრისით უკვე ელით, თუნდაც ინტუიტიურად, თუ რა სახით წარმოგიდგებათ და “გაგეხსნებათ” მუსიკა ამა თუ იმ მუსიკოსთან მუშაობისას; რას ელით თქვენ მათგან და რამდენად ხშირია მოულოდნელობები უკვე “დაგეგმილი” მოლოდინის მიღმა?
მე მათგან ჩემი მუსიკის ინტერპრეტაციის განსაკუთრებულ უნარს ველი. ამას და სპეციფიკურ საუნდს, ბგერას, რომელიც მხოლოდ მათ გააჩნიათ. მე მათ ვეუბნები: “ძალიან ბევრს ნუ ვარჯიშობთ ინსტრუმენტზე; გააკეთეთ ეს მაშინ, როდესაც ამას აზრი აქვს. დანარჩენი დრო კი ცხოვრებას მოახმარეთ; იცხოვრეთ, რომ მოსაყოლი გქონდეთ რამე. თქვენი ინდივიდუალური ბგერა თქვენივე ნაცხოვრებიდან იბადება!”დანარჩენი კი ყველაფერი მოულოდნელობაა, სტუდიაშიც და სცენაზეც; ყოველი კონცერტი, ყოველი კომპოზიცია. ჩვენ არა მარტო მსმენელს ვაკვირვებთ, არამედ ერთმანეთსაც... სხვათა შორის, იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ისინი ჩემს მუსიკაზე არიან გაზრდილები. მე დიუქ ელინგთონის / Duke Ellington /, გლენ მილერის
/ Glen Miller /, ქაუნთ ბეისის
/ Count Basie /, ართ თეითუმის
/ Art Tatum / , მაილზ დევისის და ჯაზის დანარჩენი შამანების მუსიკაზე ვარ გაზრდილი... ეს საოცარი სკოლა იყო!
...მე მინახავს ის შავ-თეთრი ფოტო რომელზეც თქვენ, შლაპაში, ელინგტონისათვის უკრავთ...
...ის ტიროდა, როდესაც მისთვის ვუკრავდი. იცით, იმას რაც მისთვის მაშინ დავუკარი, Come Sunday, დღესაც შევასრულებთ; ძალიან გულისამაჩუყებელი ბალადაა;
თქვენ დღემდე ცდილობთ, რომ არ დაარღვიოთ დიდი ხნის წინ მიღებული წესი, რომლის მიხედვიდაც სტუდიაში ჩაწერილი ალბომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჯაბნიდნენ ცოცხლად დაკრულ კონცერტებს?
აუცილებლად. იცით, სტუდიაში მაინც უფრო მეტი შესაძლებლობაა ამა თუ იმ კომპოზიციის “შესალამაზებლად;” სცენაზე კი თუ იმდენს ბედავ, რომ არ უკრავ ერთხელ და სამუდამოდ გაზუთხულ რამეს ჩათვალე, რომ შიშველი ხარ...
ესე იგი ყველაფერი ის, რაც სცენაზე ხდება იმპროვიზაციაა?
...ყოველთვის! ჩვენი მუსიკა სცენაზევე იქმნება, თუმცა რა თქმა უნდა წინასწარი სქემა არსებობს; ჩვენ ჩემს დაწერილ კომპოზიციებს ვუკრავთ, მაგრამ მიიღეთ მხედველობაში, რომ ამ კომპოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოსები ასრულებენ თითქმის ყველა ტურნეს დროს, რომლებიც თავისი ქვეყნის თუ რეგიონის მუსიკალური კულტურით სავსენი მოდიან ჩემთან. ისინი არ ცდილობენი იყვნენ კლონები ან რობოტები. ერთადერთი რასაც მე მათგან ვითხოვ ისაა, რომ საკუთარ პერსონას სულიც მოაყოლონ; არა მარტო დაუკრან ჩემთან, არამედ მესაუბრონ. ჩვენ სცენაზე ვსაუბრობთ; ჩვენ სცენაზე იდეებს ვცვლით; ჩვენ ამ მოცემულ მომენტში ვარსებობთ და ამ მომენტს ვუკრავთ! სულ ცოტა ხნის წინ, ბობი მაქფერინთან / Bobby McFerrin / ერთად დავუკარი; ბობი დიდებული მუსიკოსია, მაგრამ ის ვერ ხვდება, რომ სადღაც წარსულშია ჩარჩენილი; ჩიქ ქორეაც
/ Chick Corea / დიდებული მუსიკოსია, მაგრამ როდესაც ისინი ერთად უკრავენ ეს კომიკურია! რატომ? იმიტომ რომ როდესაც ისინი ერთად უკრავენ ძირითადი პრინციპი ასეთია: ჯერ ვუკრავ მე, მერე კი შენ! ეს ყველაფერი თითქმის იდიოტიზმამდე დადის! აი ამის უფლებას არ ვაძლევ მე ჩემს მუსიკოსებს! როდესაც ჩვენ ვუკრავთ მე არ მინდა, რომ ისინი მარტო მისმენდნენ და იგივეს უკრავდნენ რასაც მე; მე მინდა, რომ მათ მისმინონ, მაგარამ დაუკრან ის რასაც თვითონ გრძნობენ; გაბედონ და შემეპასუხონ! ამ მხრივ მე და უეინი იდეალუყრი წყვილი ვიყავით! ჩვენ უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს და კონცერტის მსვლელობისას თითქოს ერთმანეთს ვეუბნებოდით: “ძალიან კარგი, მე მესმის რასაც შენ უკრავ, მე ყურადღებით გისმენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც იმას დავუკრავ რასაც შენ”. სამწუხაროდ საწინააღმდეგოს ბევრი მუსიკოსი აკეთებს და მათ შორის ბობი მაქფერინიც. ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად აღარ დავუკრავთ. იცით, როდესაც ის ჩემს ალბომზე “ DIALECTS ” მუშაობდა ის უფრო ახალგაზრდა იყო, ნაკლებად ცნობილი და უფრო კრეატიული. ერთი რამ, რაც მუსიკოსმა არასოდეს არ უნდა დაივიწყოს ისაა, რომ გარკვეული თვალსაზრისით ის უნდა შეეცადოს და მოყვარულად დარჩეს; მან უნდა მოახერხოს ენთუზიაზმის შენარჩუნება; ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ დაკვრისას შეცდომები დაუშვას არამედ იმას, რომ ის ასე სიახლის შეგრძნებას ინარჩუნებს. ბობისთან ერთად სამი კონცერტი დავუკარი და როდესაც მან დარბაზთან შეთამაშება დაიწყო მე უბრალოდ სცენიდან გავედი, ხოლო როდესაც მორჩა დავბრუნდი და დაკვრა გავაგრძელე. იცით, ამ დროს ჩემზე უფრო გავბრაზდი ვიდრე ბობიზე იმიტომ, რომ ყველაფერ ამაში ნებაყოფილობით გავყავი თავი. არადა მე ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა და კონცერტების წინ გავაფრთხილე: “ბობი, გეთაყვა, მე ჩიქ ქორეა არა ვარ და ძალიან გთხოვ არ მინდა, რომ ჩვენც ისე დავუკრათ როგორც ამას შენდ და ჩიქი აკეთებთ და პატარა ბავშვებივით რითმავთ ერთმანეთის ფრაზებს. თუ ამას გამიკეთებ გპირდები, რომ სცენიდან გავალ.” მე ის გავაფრთხილე, მან კი ბოლო კონცერტზე ეს მაინც გააკეთა და მეც დანაპირები შევუსრულე. ეს არ იყო ჩემი მხრიდან მისდამი უპატივცემულობა; მე დიდ პატივს ვცემ მას; ბოლოს და ბოლოს მას სიმფონიური ორკესტრების დირიჟორობა შეუძლია; ის დიდი მუსიკოსია, მაგრამ სამწუხაროდ ის ძალიან დაბლა დაეშვა. მე ამის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ! მე მინდა, რომ მსმენელი და ჩემი ბენდი ერთ დონზე იდგნენ. მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ მსმენელის თანდასწრებით კეთდება?! ჩვენ მსმენელს რაღაც ისეთს ვაძლევთ რომ იფიქრონ და იგრძნონ და არ ვეღლაბურცებით მას. ყველაზე ადვილი გზა კონცერტისას ისაა, რომ მსმენელი ტაშის ცემაში აიყოლიო. მე კი ასე არ ვაკეთებ. მე მირჩევნია, რომ კონცერტის დროს მელოსის ენერგეტიკით ისე დავძაბო მსმენელი, რომ სწორედ ამ მუხტმა წამოყაროს ფეხზე ისინი ყოველგვარი ჩემი “აბა, გენაცვალე, ერთი ფეხზე წამოვდგეთ და ერთად ვიმღეროთ”-ს გარეშე. მე ეს მეზიზღება!
რაა ის რაც მუსიკის წერისაკენ გიბიძგებთ? შეუძლია თუ არა წაკითხულ წიგნს, ვინმესთან საუბარს, ნანახ ფილმს ან მსგავს რაიმეს კრეატიულობის პროვოცირება გამოიწვიოს?
ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და ამიტომაც მუდამ ახალ ადამიანებს, ახალ სივრცეებს, უცნობ საკვებს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ ახალს საგნებს “ვაწყდებით.” ყოველივე ეს უდავოდ ახდენს ჩემზე გავლენას. ჩემივე მუშაობის დისციპლინიდან გამომდინარე, და ვინაიდან მე იმპროვიზატორი ვარ, ყოველი კონცერტის შემდეგ ნომერში ავდივარ და ახალ თემებზე ვმუშაობ ჩემს laptop-ზე. და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა ჩემი ძირითადი შთამაგონებელი მაინც საუნდია; მუშაობისას მე მხოლოდ საჭირო ბგერა მჭირდება. ახალ ალბომზე მუშაობისას ყველა ინსტრუმენის მონახაზს მე ვაკეთებ და ამ დროს ერთადერთი რაც მე მასაზრდოებს ეს საუნდია...
მე რამდენადაც ვიცი თქვენს ინსტრუმენტებში ყველა საუნდი თქვენივე შექმნილი და კომბინირებულია...
მართალია. ეს საუნდი შეიძლება აკუსტიკურიც იყოს. ან შესაძლებელია, როგორც ეს ყველაზე ხშირად ხდება, მე თვითონ შევქმნა ის, ვინაიდან მე არასოდეს მაკმაყოფილებს ფაბრიკიდან გამოსული ბგერა. საუნდი, რომელსაც მე ვქმნი როგორც წესი ძალიან ლამაზი და ადამიანურია. სტუდიაში მუშაობისას მე მჭირდება ის ბგერა, რომელიც მე ენას ამომადგმევინებს და ამალაპარაკებს. აი ესაა ჩემი შთაგონების მთავარი წყარო. ამ დროს მე არ ვფიქრობ არც სიცოცხლეზე, არც სიკვდილზე, არც ბედნიერებაზე, არც უბედურებაზე, არც ცხოველებზე, არც მცენარეებზე და არც იმაზე თანამედროვეა ეს ყველაფერი თუ არა. ამ დროს მე საერთოდ არ ვფიქრობ. მუსიკის კეთების პროცესში მე ცარიელი ვარ.
რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის ის ფაქტი, რომ თქვენი მუსიკა საკმაოდ ხშირად სამპლირდება ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ და რამდენად გულდასაწყვეტი ის, რომ ძალიან ცოტა ახალგაზრდისათვისაა ცნობილი, რომ ჰიფ-ჰოფის ორიგინალური რიტმი სწორედ თქვენი შექმნილია?
პირველ შემთხვევაში მე ეს ძალიან მსიამოვნებს. ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები ჩემი ციტატებით სარგებლობენ. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ ისინი ბი-ბოფს უკრავდნენ. დღეს პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, რომ ჯაზი მოკვდა, მაგრამ ამ ფრაზამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს და ამიტომაც ჩემს ნათქვამს ერთს დავუმატებ: როცა მე ვამბობ, რომ ჯაზი მოკვდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა გაქრეს და დავიწყებას მიეცეს. ჯაზი წინა საუკუნის უდიდესი მონაპოვარია და დღეს ის ღრუბელივითაა, რომელსაც ყველაფრის შესრუტვის უნარი აქვს. ის ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით ვითარდება; ეს მხოლოდ ჯაზს შეუძლია. მაგრამ ჯაზი ამავე დროს ცხოვრების წესია და ცხოვრების აჩქარებული ტემპების გამო ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსს იმის დროც კი არა აქვს რომ ჯერ იცხოვროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკრას; დაუკრას ნაცხოვრები. ამის შედეგად, ისინი მიმბაძველობის ჩარჩოებში ეჭედებიან და განვითარებას წყვეტენ. ამიტომაცაა, რომ მიხარია ხოლმე, როდესაც ვუსმენ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი საერთო არა აქვთ ჯაზთან, უკრავენ ელექტრონულ მუსიკას, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებენ წინა თაობების მუსიკოსების დამსახურებას. სახლში 100-ზე მეტი ახალგაზრდა მუსიკოსის დისკი მაქვს, რომელზეც ჩემი მუსიკაა სამპლირებული. რაც შეეხება მეორე შეკითხვას მე ასე გიპასუხებთ: არა მე გული არ მწყდება იმაზე, რომ ბევრმა არ იცის ამის შესახებ. მაილზმა იცოდე ეს და მან ერთხელ მითხრა კიდეც: “ჯო, შენ მუსიკა სამჯერ შეცვალე!” მაგრამ მე პრობლემა არა მაქვს იმის თაობაზე, რომ ხალხმა ესეც არ იცის. ეს ჩემთვის აუცილებელი არცაა. უცილებელი მხოლოდ ისაა, რომ როდესაც სცენაზე გავდივარ დარბაზში ახალგაზრდები იჯდნენ და თქვან:
Man, this is really cool!
“შენ ამას იმსახურებ!” – ეს სიტყვები თქვენ მაილზ დევისმა ბოლო შეხვედრისას გითხრათ. არიან თუ არა დღეს მუსიკოსები ვისაც თქვენ იგივეს ეტყოდით?
ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, რაიმეს დამსახურებას კი ბევრი შრომა და დიდი დრო ესაჭიროება. ზოგიერთი ახალგაზრდა მუსიკოსი საოცრად კარგია, მაგრამ ათი წლის შემდეგ მოუსმენ რომელიმე მათგანს და აღმოჩნდება, რომ იგივეს უკრავს რასაც ადრე. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მუსიკა ყველას არ უჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. მე ამის გარანტიას გაძლევთ! სულ რამოდენიმე ხნის წინ მე ერთ მუსიკოს შევხვდი ვენის კონსერვატორიაში, რომელიც ამავე დროს ჯაზის ინსტიტუტიცაა. ის ყოფილი საბჭოთა კავშირიდანაა. რამდენადაც მახსოვს მისი სახელი ანდრეი კორონკოვია; ან რაღაც მსგავსი... გვარი კარგად ვერ დავიმახსოვრე. ის ოდესელია.
პიანისტია?
არა, საყვირზე უკრავს და ვერც კი დაიჯერებთ ისე უკრავს. არადა სულ რაღაც 19 თუ 20 წლისაა. იცით, მომავალში დიდი ჯაზმენები რომელი ქვეყნებიდან გამოჩნდებიან? ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან. ორი ახალგაზრდა ბულგარელი საქსაფონისტი ვიცი, რომლებმაც შოკში ჩააგდეს ნიუ-იორკელი მუსიკოსები. არადა ჯერ-ჯერობით ეს ორი ბულგარელიც წიან თაობის ჯაზმენებს ბაძავენ, თუმცა ამავე დროს მათი მიდგომა ინსტრუმენტისადმი სრულიად განსხვავებულია, რაც იმ რეგიონის მუსიკალური ტრადიციებითაა განპირობებული. საოცრად დიდი პოტენციაა! ისინი რაღაც თავისას ამატებენ მუსიკას და ამერიკელი ახალგაზრდა ჯაზმენებივით არ ცდილობენ მხოლოდ წინა თაობების მუსიკოსებს მიბაძონ. სწორედ გამიგეთ, ამერიკა საოცრად საინტერესო კულტურის ქვეყანაა და ალბათ უდიდესიც ჯაზის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ის დრო წავიდა. სულ რამოდენიმე დიდი ჯაზმენიღა დარჩა იქ. აი, მაგალითისათვის საქსოფონისტებს თუ ავიღებთ აღმოჩნდება, რომ ყველას ჯონ ქოლთრეინობა / John Coltrane / უნდა და ეს უბრალოდ საშინელებაა. ქოლთრეინი ჩემი კარგი მეგობარი იყო. მე მისთვის სავარჯიშო ჰარმონიულ სვლებს ვწერდი ხოლმე. მას მოსწონდა თუ როგორ ვაკეთებდი ამას და ხშირად მეუბნებოდა: “ჯო, გეთაყვა დამიწერე რამე თუ შეიძლება!” მეც სიამოვნებით ვაკეთებდი ამას. ქოლთრეინი თანამედროვე ადამიანი იყო; მას თავისი საკუთარი იდეები ქონდა და ის მათ როგორც დემონებს ისე დასდევდა. დღეს კი ჯონს შიშისაგან გული გაუსკდებოდა რომ დაენახა თუ რამდენს უნდა ქოლთრეინად გახდომა. მაგრამ ეს შეუძლებელია! ამის ნაცვლად ჩვენ საქმე ისევ ვირტუოზობასთან გვაქვს; როდესაც მუსიკოსი უბრალოდ ძალიან სწრაფად უკრავს, მაგრამ მის დაკრულში სული და გული არ დევს. სამაგიეროდ, ძალიან ცოტას შეუძლია მიბაძოს უეინ შორთერს და ეს იმიტომ, რომ ეს ძნელია; უეინი ძალიან ინდივიდუალურია. ჩოტა მუსიკოსი ცდილობს მომბაძოს მე; სიმართლე რომ გითხრათ არც არავინ მომისმენია ასეთი... შეიძლება ჩემი საუნდი გამოიყენოს ვინმენ, მაგრამ არა ფრაზირება, ვინაიდან ჩემი მუსიკა მელოდიურად და რითმულადაც სულ სხვა, განსხვავებული სამყაროა. რაც შეეხება ძველი თაობის მუსიკოსებს, ასეთები ბევრნი არიან, აი თუნდაც სესილ თეილორი / Cecil Taylor / და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის განუმეორებელია და მხოლოდ მას შეუძლია იმის დაკვრა, რასაც უკრავს. ბევრს მისი მუსიკა არ მოწონს იმის გამო, რომ თავის იმპროვიზირებულ კომპოზიციებს ის “ლამაზ” ნოტებზე არ აწყობს, მაგრამ სესილი მუდამ სესილია; თქვენ მას პირველივე ნოტიდანვე ცნობთ და რაც მთავარია მას არ ეშინია იყოს ის, ვინც არის.
ერთი უცნაური რამე მინდა გითხრათ; პირველად თქვენს მუსიკაზე ჯერ კიდევ იგჰტ ასსაგე-ის პირველად მოსმენისას გამეცინა, მაგრამ ეს არ იყო სიცილი, რომელიც მუსიკის გაგების ან რაღაცის აღმოჩენის სიამოვნებას მოყვება. ეს იყო სიცილი, რომელიც კარგი ანეგდოტის ან ხუმრობის შემდეგ ჩნდება; გულიანი სიცილი. ამიტომაც მინდა შეგეკითხოთ იმ მუსიკოსის /ფრენქ ზაპას/ სიტყვებითვე, ვინც ეს შეკითხვა დასვა: Does humor belong to music?
/სიცილი/რა თქმა უნდა! უდავოდ! ადამიანი იუმორის შეგრძნების გარეშე არაფერია და ეს რა თქმა უნდა მის მუსიკაზეც აისახება. ადამიანებს, ვისაც სხვისი გაცინება შეუძლიათ როგორც წესი სამყაროს ღრმად შეცნობის უნარიც აქვთ. კომიკოსები ჩემთვის ყველაზე ღრმა ადამიანები არიან. მათ კარგად ესმით ცხოვრება. ყველა დიდი მუსიკოსს, ვისთანაც მე ვთანამშრომლობდი გასაოცარი იუმორის შეგრძნება ქონდა. გასაოცარი! ჩვენი ერთად ყოფნაც ძირითადა სიცილი და გართობა, იყო. ეს ცხოვრებაა! ეს აუცილებელია! ასე იყო დაინა უოშინგთონთან / Dinah Washington/ , ასე იყო ქენონბოლთან
/ Cannonball Adderley / , რომელიც უფროს ძმად მიმაჩნდა, ასე იყო მაილზთან და ეს ასე იყო ჯეიქო პასთორიუსთან
/ Jaco Pastorius / , რომელიც უმცროსი ძმასავით მიყვარდა... ჩემი დღევანდელი ბენდი კი ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. უკვე თითქმის თვეა ტურნეში ვართ და ყოველი დღე ერთად ყოფნის სიხარული და სიცილ-ხარხარია. მე უკვე ხანში შევედი და იმდენს არ ვერთობი ღამღამობით, რამდენსაც ჩემი ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც გამთანგველი კონცერტის შემდეგ დილის ექვს საათამდე ერთობიან ხოლმე სხვადასხვა კლუბებში. ჩემს ახალგაზრდობაშიც ზუსტად ასევე იყო; ქენონბოლის რიტმ სექცია, სადაც მეც ვუკრავდი, ღამის სამის ნახევარზე ვამთავრებდით ხოლმე კონცერტს და მერე კი სხვა კლუბში გადავინაცვლებდით სადაც ვთქვათ ჩეთ ბეიქერი
/ Chet Baker / უკრავდა და ამჯერად მის ბენდთან ერთად ვუკრავდით იმიტომ, რომ ჩეთს მოსწონდა ჩვენი დაკრული. და არა მარტო მას, არამედ დექსტერ გორდონსაც
/ Dexter Gordon /, სონი სთიტს
/ Sonny Stitt/ და ბენ ვებსთერსაც
/ Ben Webster /. მათ მოსწონდათ ჩვენი დაკრული და ამიტომაც კონცერტის შემდეგ მივდიოდით იმ კლუბებში სადაც ისინი უკრავდნენ და მათთან ერთად ვუკრავდით. აი ესაა მუსიკალური სულისკვეთება... ჩემთან რომ მოდიან, მუსიკოსები არასდროს მეკითხებიან თუ რამდენს გადავუხდი მათ და რამდენ ფულ გააკეთებენ ჩემ ბენდში. იყვნენ ისეთებიც ვინც ამას მეკითხებოდნენ, მაგრამ ამ შეკითხვის შემდეგ ჩვენი ურთიერთობაც მთავრდებოდა. და ეს იმიტომ რომ მუსიკა ფულზე ფიქრი არაა. ფული ან მოვა ან არა, მაგრამ ის არასოდეს მოვა თუ მუსიკა ცუდია. შეიძლება ფული მუსიკით სხვანაირადაც იშოვნო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შენი მუსიკა ის არაა რაც უნდა იყოს.
ნათქვამია, რომ გამოცდილება კი არ ქმნის კაცს ადამიანად, არამედ ის თუ როგორ გამოიყენებს ის ამ გამოცდილებას; ეს თითქოს თქვენზეა ნათქვამი. თუ შეიძლება მითხარით როდის დგება ის მომენტი, როდესაც მუსიკოსი ამბობს: “ეს მე ვარ!”
ეს ჩემთვის დიდი საიდუმლოა... იცით, ახალგაზრდობაში მეც დანარჩენებივით ვბაძავდი წინა თაობის მუსიკოსებს, თუმცა კარიერის დასაწყისში ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ბავშვმა ხომ უნდა ისწავლოს სიარული? მოკლედ, სამოციან წლებში მე ნიუ-იუორკში ბი-ბოფის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი იმიტატორი ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს კი ქუჩაში ბარი ჰარისს
/ Barry Harris / შევხვდი; ის ბად ფაუელის
/ Bud Powell / სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელია. აგრეთვე უდახვეწილესი იმიტატორი. ჩვენ ვმეგობრობდით და ხშირად ერთადაც ვუკრავდით ხოლმე. ჰოდა, ვხვდები მას 52-ე ქუჩაზე ნიუ იორკში და ის მეუბნება: “ჯო, რაღაც უნდა გითხრა; ეხლა ტაქსით მოვდიოდი აქეთკენ და რადიოში ქენონბოლ ედერლის კომპოზიციას უკრავდნენ; დავიფიცებდი, რომ პიანისტი მე ვიყავი, მაგრამ კომპოზიცია რომ დამთავრდა შენი გვარი გამოაცხადეს. Gგილოცავ!” ბარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივცემული მუსიკოსი იყო მთელს ნიუ-იორკში და მე სიამაყით ავივსე; მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი თუ რას გულისხმობდა ის, - თუ ბარი იმიტატორია, და ეს ნამდვილად ასე იყო, მაშინ მე იმიტატორის იმიტატორი ვიყავი. ამას რომ მივხვდი ტაქსი გავაჩერე, სახლში დავბრუნდი, ყველა ჩემი დისკი შევფუთე და სადღაც შევაგდე. ის დისკები დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, შენახული მაქვს და ისინი ისევ შეფუთულია. აი ამ შემთხვევის შემდეგ დავიწყე მუსიკის ნამდვილად მოსმენა. მაგრამ მერე კიდევ ერთი რამ მოხდა... მოყოლილმა შემთხვევამ ისე შემაშინა, რომ ინსტრუმენტს რომ მივუჯდებოდი, სულ იმის შიშით ვუკრავდი ვინმეს უკვე დაკრული ფრაზა არ გამემეორებინა; ამ კრიზისმა დაახლოებით ერთ თვეს გასტანა. ერთ დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, თითქოს რაღაცამ ჩამანათა თუ რაღაც აინთო ჩემში.ეს სიეთლში მოხდა. ქენონბოლის ბენდთან ერთად ვიღაცის სახლში ვუკრავდით რაღაც დღესასწაულზე. კონცერტამდე მთელი ჯგუფი ერთად ვისხედით; ცოტა დავლიეთ, ცოტაც მოვწიეთ და გავერთეთ. მერე კი როიალს მივუჯექი და ჩემში რაღაც მოხდა. აუხსნელი რამ! დღემდე კარგად მახსოვს ის მომენტი. იმ დღეს ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ნიუ-იორკში რომ დავბრუნდთ, დღეში ათ-ათ კომპოზიციას ვწერდი...
თქვენში რაღაც მოხდა, მაგრამ არა თქვენივე ძალისხმევის გარეშე...
ძალისხმევა ყველაფერია! ეს სრული სიმართლეა! სწორედ “ისთერნ ფრომოუშენის” ბიჭების ძალისხმევის შედეგია მე რომ აქა ვარ და მათ რომ ასეთი რეპუტაცია აქვთ ევროპასა და ამერიკაში. მათზე ფილმი უნდა გადაიღოს ვინმემ და მე დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ამ ფილმისათვის დაწერილი მუსიკის პროდიუსერი. ფილმი კი იმაზე უნდა იყოს თუ როგორ იზრდებოდნენ ექვსი მეგობარი ერთად, - ერთად დადიოდნედ საბავშვო ბაღში, სკოლაში, ერთად დაიწყეს სპორტზე სიარული, ერთად იმარჯვებდნენ შეჯიბრებებში, ერთად მოკიდეს ხელი ბიზნესს, ერთად მიაღწიეს წარმატებას და მაინც მეგობრებად დარჩნენ. მათი ისტორია საოცარია! დამიჯერეთ, ეს ფილმი ნამდვილი ჰიტი იქნება! ძალისხმევა ყველაფერია... მე და ტომას კლესტილი, ავსტრიის პრეზიდენტი, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ის შარშან გარდაიცვალა. ჩვენ ერთმანეთს 12 წლის ასაკში შევხვდით, ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ და იმავე დღეს დავმეგობრდით. ჩვენი ისტორია რაღაცით გავს ამ ბიჭების ისტორიას. ჩვენ ზამთარ-ზაფხულ განუყრელები ვიყავით. მახსოვს ნოემბერში ფეხშიშველები დავრბოდით ვენაში, იმ სიცივეში. წინდებიც კი არ გვქონდა ფეხსაცმელზე რომ არაფერი ვთქვათ. მოგვიანებით კი ორივემ ჩვენივე ძალისხმევით მივაღწიეთ რაღაცას. ის პრეზიდენტი გახდა მე კი მუსიკოსი. აი ეს ნამდვილი სულისკვეთებაა! რა თქმა უნდა ყველა პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ ძალისხმევა უკვე ბევრს ნიშნავს. ეს ევოლუციისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ძალისხმევა ის ველია, სადაც შენ შანსი გეძლევა და შესაძლებლობები გეხსნება. არაა აუცილებელი მაინცდამაინც პრეზიდენტი ან მინისტრი გახდე, მაგრამ ძალისხმევის მეშვეობით შენ შეიძლება კარგი, წესიერი ადამიანი დადგე. მე უკვე მოწიფულ ასაკში ვარ და ამიტომაც ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე თუ როგორ მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე. ამ შეკითხვაზე მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: “ის წესიერი ადამიანი იყო!”
ინტერვიუერი მადლობას უხდის “ისთერნ ფრომოუშნს” ინტერვიუს ორგანიზებისათვის.
|